ონლაინ განათლება, როგორც კაცობრიობის ტექნოლოგიური მიღწევა

ავტორი: Rezo Beradze

2018 წლის იანვარში დავოსში მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი მინდინარეობდა, სადაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მოაზროვნე, ლიდერი, ანტერპრენიორი და მეცნიერი იყრის თავს. ტრადიციულად, ფორუმზე საინტერესო მოსაზრებები ჟღერდება ხოლმე და სპიკერებისგან მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე საინტერესო ხედვებს ვისმენთ. არც 2018 იყო გამონაკლისი. კომპანია მაიკროსოფტის მეთაურმა სატია ნადელამ (Satya Nadella) საკმაოდ ხმაურიანად განაცხადა, რომ ‘მსოფლიოში კომპიუტერული სიმძლავრე იწურება’. 

მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად უამრავ ახალ გამოგონებას ვაწყდებით, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიური პროგრესის ტემპი საგრძნობლადაა შენელებული. ჯერ კიდევ 1965 წელს გორდონ მურმა (Intel-ის თანადამფუძნებელი) ინტეგრირებულ მიკროსქემაზე ტრანზისტორების ყოველწლიური გაორმაგება ტექნოლოგიურ პროგრესს დაუკავშირა და ამაზე დაყრდნობით შემოგვთავაზა მაქსიმა, რაც დღეს მურის კანონით არის ცნობილი - ტექნოლოგიური პროგრესი ყოველწლიურად ორმაგდება. თუმცა, დღეს ყველა თანხმდება, რომ მურის კანონს საწვავი გამოელია. მიკროსქემაზე ტრანზისტორებს შორის მანძილი ატომების დონეზეა დასული და კომპიუტერული სიმძლავრის ყოველწლიური გაორმაგება უკვე უტოპიაა. 

თუმცა მსოფლიოს თითქოს დამშეულია კომპიუტერულ სიმძლავრეზე. მეცნიერები და გამომგონებლები ყოველწლიურად უამრავ იდეას სთავაზობენ მსოფლიოს, რომელსაც ძალიან დიდი სიმძლავრეები სჭირდება, რასაც თანამედროვე კომპიუტერები ვერ გვთავაზობენ. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ასე აიტაცა მთელმა მსოფლიომ, დიდ კომპიუტერულ სიმძლავრეებს მოითხოვს.  

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ნადელამ ამ პრობლემის გადაჭრის ორი გზა გააჟღერა. პირველი, მისი აზრით კომპიუტერების მუშაობა თვისობრივად ახალ დონეზე უნდა გადავიდეს და მომავალი კვანტური კომპიუტერებისაა. ეს უკანასკნელი ტრანზისტორების ნაცვლად კვანტური მექანიკის ფენომენს ეყრდნობა, რაც თეორიულად საშუალებას იძლევა კომპიუტერული სიმძლავრე არსებითად გაიზარდოს. თუმცა, მიუხედავად ამ მიმართულებით მიმართული ძალისხმევისა, კვანტურ კომპიუტერებს ჯერჯერობით საცდელი ლაბორატორიებიდან არ გამოუღწევიათ. 

მეორე, რაც ნადელამ გააჟღერა საქართველოსთვის ძალიან ყურადსაღებია. მისი აზრით ‘ის ფაქტი რომ სკოლებისა და უნივერსიტეტების უმრავლესობა კვლავ არ აღიარებს კომპიუტერულ მეცნიერებებს ისე, როგორც ფიზიკას და მათემატიკას, უბრალოდ სიგიჟეა’. მისი აზრით, კომპიუტერული სიმძლავრის ნაკლებობას სასწავლებლებისა და სკოლების სასწავლო პროგრამების შეცვლით უნდა ვებრძოლოთ. ის ყურადღებას ამახვილებს, რომ ახალი კადრების მომზადება ‘ხდება იმის რეალური აღქმის გარეშე, თუ საითკენ მიდის შრომის ბაზარი’. 

ფაქტია, რომ ნადელას მიერ გლობალურ ჭრილში გაჟღერებული პრობლემები საკმაოდ მწვავედ ეხება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემასა და შრომის ბაზარს. ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას მყისიერად ახდენს, ხოლო საგანმანათლებლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტი საკმაოდ გვიან აისახება. ნადელას აზრი რომ გავიზიაროთ, საქართველოს აუცილებლად სჭირდება უმაღლესი ხარისხის კომპიუტერული მეცნიერებების მასწავლებლები საშუალო სკოლებში. ხოლო სასწავლო პროგრამები აუცილებლად უნდა მოერგოს თანამედროვე გამოწვევებს. აბსოლიტური უგუნურებაა ვიფიქროთ, რომ სულ რამოდენიმე წელიწადში კომპიუტერი აღარ ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ჩვენს ცხოვრებაში, მაშინ როცა უკვე თამაშობს. ან შრომის ბაზარზე არ იქნება კომპიუტერული უნარებით აღჭურვილ კადრებზე მოთხოვნა, როცა დღეს უკვე ასეთ უნარებს შრომის ბაზარი პრემიუმით აჯილდოვებს და საქართველოს (და მსოფლიოს) რეალობაშიც კადრების დეფიციტია.  და თუ ასე არ ვფიქრობთ და ნადელას ვეთანხმებით, მაშინ რატომ დღესვე არ დავიწყებთ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას?

ეს კითხვები როგორც სახელმწიფოსკენ, ასევე თითოეული ჩვენგანისკენ არის მიმართული. პროფესიული მოქნილობა და ახალი უნარების ათვისების უნარი დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ერთ-ერთი ძვირფასი აქტივია. შესაბამისად, ტექნოლოგიური პროცესების განვითარების კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია კომპიუტერული უნარების შეძენა და განვითარება. ინდოეთში, ჰუდებარადში დაბადებული და გაზრილი ნედელა, რომელიც დღეს ერთერთი ტექნოლოგიური გიგანტის სათავეში დგას, საუკეთესო მაგალითია ყველასთვის, ვინც სკეპტიკურად უყურებს კომპიუტერული მეცნიერებების ცოდნის შესაძლებლობებს.

ბოლოს, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ან სკოლა, ან უნივერსიტეტი ვერ გვთავაზობს შესაფერის მოქნილობას და ფეხს ვერ უწყობს ბაზრის მოთხოვნებს, თავად ტექნოლოგიური პროგრესი გთავაზობთ პრობლემის გადაწყვეტის გზას. ეს გზა გახლავთ ონალინ განათლება. დღეს უკვე აღარ არის საჭირო კომპიუტერული თუ სხვა უნარების ასათვისებლად შორს წასვლა და ბევრი ფულის დახარჯვა. დაგჭირდებათ მოტივაცია, კომპიუტერი და შესაბამის ონლაინ კურსებზე წვდომა. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტა არის შესანიშნავი პასუხი, თუ როგორ უნდა გახდეს ხარისხიანი და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა ერთეულების პრივილეგია. ეს ნამდვილად არის კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა და მსოფლიოზე სულ მცირე იგივე მასშტაბის ეფექტი ექნება, როგორც თავის დროზე საბეჭდი მანქანების გამოგონებას ჰქონდა.


წყარო:

http://www.bbc.com/news/business-42797846